შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ლაშა ჟღენტი

მეხანძრე-მაშველი

33 წლის

5 წელია მაშველად მუშაობს. თავიდანვე იცოდა, რომ საქმე საინტერესო პროფესიასთან ჰქონდა. ფორმის გარეშეც უწევდა ადამიანების დახმარება, თუმცა როდესაც ფორმა ჩაიცვა, მიხვდა, რომ განსაკუთრებული როლი დაეკისრა - მას ადამიანები უნდა გადაერჩინა.

ერთხელ ისე მოხდა, რომ გამოძახებაზე საცოლის გადასარჩენად მივიდა. მისი საყვარელი ადამიანი ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო ცუდად გახდა და კარის გაღებაც ვერ შეძლო. ლაშამ და მისმა კოლეგებმა დროული რეაგირების შედეგად შეძლეს ბინაში შესვლა და გოგონას გადარჩენა.

"უბანში სახელით არც მომმართავენ, ყველა მაშველს მეძახის და ეს ბუნებრივია მსიამოვნებს. კარგად მაქვს გააზრებული ჩემი პასუხისმგებლობა და ვცდილობ ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად შევასრულო.

​მახსოვს, გამოძახებაზე ვიყავი გასული. მეთევზე მტკვარში ჩავარდა და თოკს იყო მოჭიდებული. ქვემოთ ჩასვლა მე მომიწია, მაშინ პირველად აღმოვჩნდი პირისპირ ადამიანთან, რომელიც გადარჩენას მთხოვდა. მის თვალებში შიშს ვხედავდი. მეც ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი, რომ აუცილებლად გადავარჩენდი. თუ წყალში ჩავარდებოდა, მეც მასთან ერთად გადავხტებოდი და ამოვიყვანდი. როდესაც ხელი მოვკიდე, ზუსტად იმ წამებში დაუსხლტა ხელიდან თოკი, მაგრამ უკვე უსაფრთხოდ იყო. ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. როდესაც მდინარიდან ამოვიყვანეთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი სანაპიროსთან, ისინი ტაშს გვიკრავდნენ. ვერ აღვწერ, როგორი ბედნიერება ვიგრძენი. ეს იყო გამარჯვებისგან გამოწვეული გულწრფელი ემოციები".

გაიცანი გმირი