შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


რატი მასურაშვილი

მეხანძრე-მაშველი

36 წლის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რვაწლიანი მუშაობის გამოცდილება დამიგროვდა. აქ ყოფნის თითოეული წუთი ძალიან დიდ ემოციებთან ასოცირდება. ბევრი ისეთი ისტორია მახსენდება, რომლებსაც ალბათ ვერასდროს დავივიწყებ.

ბოლო შემთხვევა ახლახანს, 6 ნოემბერს მოხდა. დიდუბის ხიდიდან ქალბატონი მტკვარში გადახტა და მისი გადარჩენა ორმა მამაკაცმა სცადა.

საბოლოოდ, წყლიდან გამოსვლა ვერცერთმა მოახერხა. მაშინ მორიგე ვიყავი და ადგილზე მისულებს საკმაოდ რთული სიტუაცია დაგვხვდა - 3 მოქალაქე შველას ითხოვდა.

საბედნიეროდ, სწრაფად მოვახდინეთ რეაგირება, ჩავედით მტკვარში და სამივე მათგანი უვნებლად გამოვიყვანეთ.

რა თქმა უნდა, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ფსიქოლოგიურად მზად ვარ ასეთი მომენტებისთვის, თუმცა როცა ფაქტის წინაშე დგები, მაინც თავიდან განიცდი ყველაფერს. სანამ ადგილზე მიხვალ, გზაში ფიქრობ, გეგმებს აწყობ, გინდა რომ დაეხმარო ადამიანს, თუმცა ზოგჯერ მაინც უძლურები აღმოვჩნდებით ხოლმე.

ამაყი ხარ, როცა ხვდები, რომ შენი მოვალეობა პირნათლად შეასრულე. შეიძლება უშუალოდ იმ პერიოდში მოქალაქე იმდენად დიდ სტრესში იყოს, რომ ვერაფერი გითხრას, მაგრამ ყველაფერს მის თვალებში აუცილებლად ამოიკითხავ. ეს ისეთი გრძნობაა, რომ სიტყვებით რთულია გადმოსცე.

გაიცანი გმირი