შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ვასილ მეშველიანი

მეხანძრე-მაშველი

33 წლის

ჩემი სამუშაო, რა თქმა უნდა, დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა როცა მოვალეობას ვასრულებ, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. თითოეულ გამოძახებაზე წასვლისას მინდა, რომ ადგილიდან კარგად დასამახსოვრებელი ისტორიით დავბრუნდე. საოცარი გრძნობაა, ადმიანის სიცოცხლის გადაარჩენა. თითოეული ასეთი მომენტის დროს ხვდები, თუ რა მნიშვნელოვან საქმიანობას ემსახურები.

როცა რთულ და ემოციურად გამორჩეულ ისტორიებზე ვფიქრობ, პირველ რიგში მახსენდება 13 ივნისის სტიქიის დღეებში განვითარებული მოვლენები. მაშინ თბილისის ქუჩებში საშინელი მდგომარეობა იყო. ეს დღეები, ალბათ, არავის დაავიწყდება.

აღდგენითი სამუშაოების დაჩქარებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მოხალისეებმა. მათ, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება, მაგრამ ძალიან დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით მუშაობდნენ. ახალგაზრდებმა გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შიშველი ხელებით შეიძლებოდა. საქმე იმდენად დიდი იყო, რომ მხოლოდ ჩვენი რესურსით გამკლავება რთული იქნებოდა.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დანაკარგი, მატერიალური იქნება ეს თუ ადამიანური. საბოლოოდ კი, გადარჩენილი მოქალაქეების მხრიდან წამოსული მადლიერება ძალიან ბევრს ნიშნავს.

როცა მეხანძრე-მაშველის ფორმას ვიცვამ, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვხვდები, რომ ვარ ქვეყნის სამსახურში და მაკისრია მისია, ჩემი წვლილი შევიტანო ადამიანების უსაფრთხოებაში.

გაიცანი გმირი