თემო ქსოვრელი

მეხანძრე-მაშველი

26 წლის

7 წელია მეხანძრე-მაშველად მუშაობს. მაგალითი მამისგან აიღო, რომელიც ათეული წლებია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს.

"ძალიან ხშირად მივყავდი მამას თავის სამსახურში და ვხედავდი, როგორი რისკის ფასად უწევდათ მეხანძრე-მაშველებს მუშაობა. ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ გამოძახებიდან სველები და დაღლილები. ვხედავდი, რას ნიშნავდა მათთვის თითოეული გადარჩენილი ადამიანის მადლიერება. სწორედ ამიტომ მეც გამიჩნდა სურვილი დიდი, კეთილი ოჯახის ნაწილი გავმხდარიყავი.

19 წლის ვიყავი, როდესაც კურსები გავიარე, 2 წელიწადში ოფიციალურად დავიწყე მუშაობა. მივხვდი, რომ ამ პროფესიის დაკარგვა არ მინდოდა. სახანძრო-სამაშველო სამსახური ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ბევრ გამოძახებაზე ვარ ნამყოფი, ბევრი რამ ვნახე, მაგრამ არის ისეთი წუთები, რომლებიც არასდროს დაგავიწყდება. წერეთლის გამზირზე, სამსართულიან შენობაში ხანძარს ვაქრობდით, ძლიერი დაკვამლიანება იყო, არაფერი ჩანდა. ჩაირთო სპეციალური სიგნალი, რომელიც გვატყობინებდა, რომ ჟანგბადი გათავდა. მაშინვე შენობიდან გამოსვლა დავაპირე, თუმცა ისე მოხდა, რომ აირწინაღით რაღაცას გამოვედე და გავიჭედე. შენობიდან ვეღარ გამოვდიოდი. ყველანაირი იმედი დავკარგე, მეგონა ყველაფერი დამთავრდა, თუმცა დავინახე ჩემი ათეულის მეთაური, კახა რაზმაძე, რომელმაც სიკვდილისგან მიხსნა. ამ ისტორიით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც ადამიანის გადასარჩენად ვრისკავთ, არამხოლოდ ჩვენი თავის, არამედ მეგობრების, გუნდურობის იმედი გვაქვს. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელთა "ძალა ერთობაშია"- ადამიანების გადასარჩენად გამოიყენება.