საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

გიორგი სამუშია

მეხანძრე-მაშველი

29 წლის

"მაშველად მუშაობა 2014 წელს დავიწყე. თავიდანვე მქონდა განსაკუთებული დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ, რაც აქ მუშაობის დაწყებისთვის, ალბათ, მთავარი მოტივატორიც აღმოჩნდა, თუმცა რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ვერ მიხვდები რას ნიშნავს იყო მაშველი, ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოცდი, შენ თვითონ არ გადაარჩენ ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, ზღვაზე თუ მთაში, ამ საქმის კეთებას უდიდეს სირთულესთან ერთად, უამრავი დადებითი ემოცია ახლავს.

2016 წელს ზღვის პირას, განმუხურის სანაპირო ზოლზე ვმუშაობდი. მაშინ იქ ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა. შტორმი იყო და დამსვენებელთა ზღვაში შესვლა ავკრძალეთ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ადამიანმა მაინც მოახერხა და შეიპარა. ხმა გავიგონე, როგორ ითხოვდა მოქალაქე შველას, მე გადავხტი წყალში, მივცურე გამოსაყვანად, მან კი მითხრა რომ დახმარება მეორე მოქალაქესაც სჭირდებოდა. მოვახერხე და მეორესთანაც მივედი, თუმცა ამ ადამიანმა კიდევ მესამეზე მიმანიშნა, რომელიც ასევე ვერ ახერხებდა ნაპირზე გასვლას. სიტუაცია ძალიან რთული იყო. საბედნიეროდ, ორი მათგანის გამოყვანა მარტომ შევძელი, მესამეს გამოყვანისას კი, ადგილობრივი დამსვენებლები და სხვა მაშველებიც დამეხმარნენ. სამივე ადამიანის გამოყვანა უვნებლად შევძელით და მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს იყო მაშველი. ეს ძალიან ემოციური ისტორიაა ჩემი ცხოვრებიდან და არასოდეს დამავიწყდება. შევძელით სამ ადამიანისთვის ერთდროულად შეგვენარჩუნებინა სიცოცხლე. მახსოვს დამსვენებლების ბედნიერი სახეები, ყველა მადლობა, რომელიც იმ მომენტში მოვისმინე. მეუბნებოდნენ რომ გმირი ვიყავი მეც და ყველა ის ადამიანი, რომლის პროფესიაც ადამიანების გადარჩენაა.

შესასრულებლად თითოეული შემთხვევა რთულია. როცა ადამიანის გადასარჩენად მიდიხარ, ფაქტობრივად, საკუთარ სიცოცხლესაც რისკავ. შეიძლება მოახერხო მისი სამშვიდობოზე გაყვანა, თუმცა შენ ვეღარ გადარჩე. საბოლოოდ კი, გადარჩენილი ადამიანის ბედნიერი სახე უმნიშვნელოვანესია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს იმუშავებ ამ სამსახურში, ყველაფრის ტოლფასია, როცა თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ. ეს დადებითი ემოცია და სითბო ცხოვრების ბოლომდე გაგყვება. თითოეული მაშველი შინაგანად უნდა იყოს მოტივირებული ამ საქმის კეთებისათვის. აქ მუშაობის დაწყებამდე, უკვე უნდა გქონდეს გაცნობიერებული თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული შენი თითოეული ნაბიჯი.

იმისთვის რომ, მოახერხო ადამიანის გადარჩენა, ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანური ფაქტორია საჭირო - გქონდეს სიკეთის კეთების უდიდესი განცდა".