გიორგი ლელაშვილი

მეხანძრე-მაშველი

36 წლის

სახანძრო-სამაშველო სამსახურში 2012 წლიდან ვმუშაობ. მეხანძრეობა ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო საქმეა. შენზეა დამოკიდებული ადამიანების, როგორც მატერიალური, ასევე ის არამატერიალური საკუთრება, რასაც სიცოცხლე ჰქვია. ბუნებრივია, ყველაფერს თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობებიც, თუმცა სტიმულს გაძლევს ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მოსალოდნელ ემოციებზე, ბედნიერ სახეებზე ფიქრი.

ხშირია განსაკუთრებულად რთული შემთხვევებიც. ასეთი იყო, მაგალითად, ‘’ბავშთა სამყაროს’’ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძარი, თავისი მასშტაბურობითა და სირთულით. მაშინ სადგურის მოედნი მთლიანად კვამლში იყო გახვეული. იწვოდა უზარმაზარი შენობა და ისმოდა მხოლოდ დაზარალებული მოქალაქეები განწირული ყვირილი. „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის ქრობის პროცესი ურთულესი ამოცანა იყო. გადავაადგილდებოდით შენობაში, რომლის კონსტრუქციაც ყოველ წუთში შეიძლება ჩამოშლილიყო. უდიდესი რისკის ფასად დაგვიჯდა, რომ ხანძარი არ გავრცელდა სხვა შენობებზე. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ზარალი კიდევ უფრო არ გაზრდილიყო.

ხანძრის ქრობის დროს ემოციებს სრულად აკონტროლებ, ცივი გონებით მოქმედებ და მთლიანად საქმეზე ხარ კონცენტრირებული. იმ მომენტში იყენებ მთელ შენს გამოცდილებას, აკეთებ ყველაფერს იმას, რაც იცი, გისწავლია, რითაც ამდენი წელი ხარ დაკავებული და შემდეგ, როცა უკვე გარეთ გამოხვალ, ყველა ემოცია გონებაში ერთად იყრის თავს.

ზოგჯერ ფიქრობ, რომ იქ სადაც შეხვედი, კედლის ჩამონგრევის, გაგუდვის დიდი რისკი იყო, თუმცა  ქრობის მომენტში ამაზე არ გიფიქრია და ყველაფერს საკუთარი სიცოცხლის ფასად აკეთებდი.

ხანძრის დროს დაღლილობაც არ გაწუხებს, ესეც შემდეგ გვეტყობა ხოლმე სახეზე. არც სიცივე ნიშნავს რამეს. ჩაფხუტზე ყინულის ლოლოებიც კი გვქონია ჩამოკიდებული.

ამ რთულ პროცესს საბოლოოდ მოყვება ადამიანების ცრემლიანი თვალები, ბედნიერი სახეები და გულწრფელი მადლიერება. ასეთ დროს ვხვდები, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ და ეს სამომავლოდ დიდ სტიმულს მაძლევს.