სერგო ბაიდაური

მეხანძრე-მაშველი

34 წლის

მეხანძრე მაშველად 2008 წლიდან, უკვე 10 წელია ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში ბევრი ისეთი ხანძარი ყოფილა, რომელიც თავის განსაკუთრებული სირთულით და განცდილი ემოციებით ჩვენს გონებაში სამუდამოდ დარჩება.

პირველი ყველაზე რთული ხანძარი, რომელიც ახლაც ძალიან ცუდად მახსენდება, მტკვრის  სანაპიროზე, იწვოდა ორ ბენზინგასამართ სადგურს შორის არსებული შენობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების გარდა სხვადასხვა ოფისები მდებარეობს. შესაბამისად, ხანძრის გავრცელების უდიდესი რისკი იყო. კატასტოფის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო  მაქსიმალური სისწრაფე და ყურადღება. მეხანძრე-მაშველებისთვის ადგილზე მუშაობა გართულდა. საჭირო გახდა შენობის სახურავზე ასვლა და მისი ახდა. კიბის საშუალებით ეს მოვახერხეთ, თუმცა ამ დროს სახურავი მთლიანად კვამლმა მოიცვა.

დაკვამლიანებაში არაფერი ისმის და არაფერი ჩანს, ამიტომ სიტუაცია ძალიან კრიტიკული გახდა. სახურავიდან ჩასვლა ვცადეთ, თუმცა ადგილზე კიბე აღარ დაგვხვდა, როგორც ჩანს გამოგვაცალეს. მოხდა ისე, რომ ვართ ცეცხლმოკიდებული შენობის სახურავზე, იქ სადაც სუნთქვა ფაქტობრივად შეუძლებია და ჩასვლასაც ვერ ვახერხებთ. გადახტომაც შეუძლებელი იყო, რადგან მეოთხე სართულის სიმაღლეზე ვიყავით და ქვევით უამრავი ფიცარი, ლურსმები ეყარა. წასასვლელი არსად გვქონდა. დავწექით სახურავზე და სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. საბედნიეროდ, ბედმა ძალიან გაგვიღიმა და ქარი ამოქროლდა, კვამლი სხვა მხარეს წაიღო და მოვახერხეთ ადგილის უსაფრთხოდ დატოვება.

ეს არის ურთულესი პროფესია. თითოეული მეხანძრე-მაშველი სხვისი სიცოცხლის გამო საკუთარს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. უდიდესი რისკია იმ შენობაში შესვლა, საიდანაც ხალხი გამორბის და შენც არ იცი, გამოხვალ თუ არა ცოცხალი. რისკს ყოველთვის გრძნობ, თუმცა შენი ვალდებულებაა სხვებისთვის გარისკო.