საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ნოდარ ქარცივაძე

მეხანძრე-მაშველი

39 წლის

მეხანძრე-მაშველად მუშაობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. უკვე საკმაოდ დიდი ხანი, 13  წელია ვმუშაობ და გამოცდილებასთან ერთად, ბევრი საინტერესო ამბავიც დამიგროვდა. მათ შორის ერთ-ერთი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში მოხდა. 2011 წელს, ზამთარში, დიდთოვლობის დროს ზვავი ჩამოწვა და სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა. ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი თოვლის ნაკადმა წაიღო. გვქონდა ინფორმაცია, რომ სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. დიდთოვლობის გამო, სოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზა არ არსებობდა, ეს ადგილი ფაქტობრივად მიუვალი იყო, ამიტომ მოგვიწია რამდენიმე კილომეტრი ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში ფეხით გვეარა. გაჭირვებით, მაგრამ მაინც მივაღწიეთ შემთხვევის ადგილამდე. რთული რელიეფის გამო მუშაობა მოუხერხებელი იყო, მიუხედავად ამისა, ყველაფერი გავაკეთეთ ადამიანის გადასარჩენად. მოქალაქე თითქმის 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა თოვლში. დიდი ძალისხმევის შედეგად მისი ამოყვანა ცოცხლად შევძელით.

შეუძლებელია ასეთ დროს არ დაგეუფლოს რაღაც განსაკუთრებული გრძნობა. შენ უდიდეს სიამაყეს გრძნობ შინაგანად, მოქალაქისგან კი - მადლიერებას. ჩვენ ყველგან მივდივართ სადაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, როცა საქმე დაღუპულებს ეხება და სიტუაცია ჩვენს ძალებს აღემატება. ასეთი ისტორიები გასახსენებლადაც რთულია და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. 

როცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყველა წამი მნიშვნელოვანია და მის გადარჩენაზე დიდი სიხარული, ემოცია არ არსებობს. ეს თუ არ გამოსცადე საკუთარ თავზე, ბოლომდე ალბათ ვერც მიხვდები. საქმიანობა ძალიან დაძაბული და საპასუხისმგებლოა, მაგრამ მეხანძრე-მაშველები ვამაყობთ თითოეული ადამიანით, რომელსაც სიცოხლეს შევუნარჩუნებთ. ამ დროს გადარჩენილი პიროვნება, ფაქტობრივად, მეორედ იბადება.