საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ჯაბა მანთიძე

მეხანძრე-მაშველი

38 წლის

მეხანძრე-მაშველად მუშაობის უკვე შვიდწლიანი გამოცდილება მაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი ისეთი ისტორია გადამხდა თავს, რომლის დავიწყება ძალიან რთულია. როცა საქმე ადამიანის გადარჩენას ეხება, შენში საოცარი გრძნობების ერთობლიობა იყრის თავს. უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, გაქვს რაღაც განსხვავებული ადრენალინის გრძნობაც.

მახსოვს, ერთხელ ღამით, 18 წლის ბიჭი ზღვაში იხრჩობდა თავს. დეკემბრის თვე იყო, ვერც აღვწერ ისე ჯოჯოხეთურად ყინავდა. ადგილზე მისულებს დროც არ გვქონდა გამოცვლისთვის და პირდაპირ შევვარდით ზღვაში.  ახალგაზრდა თავდაპირველად ვერ გვხედავდა, მხოლოდ მაშინ შეგვნიშნა, როცა უკვე მისგან დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით ვიყავით. დაგვინახა და ჩაყვინთა, თუმცა შორს უკვე აღარ იყო. ჩვენც ჩავყვინთეთ და დავეჯახეთ ერთმანეთს. მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დავიჭირეთ და ამოვიყვანეთ წყლის ზედაპირზე. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ახალგაზრდა ნაპირზე გამოგვეყვანა, მაგრამ მოვახერხეთ. 18 წლის ბიჭი, რომელიც თავს სასიკვდილოდ იმეტებდა, გადარჩა.

შემთხვები ყოველთვის ასე არ მთავრდება. ზოგჯერ შექმნილი სიტუაცია ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ადიდებულ ჭოროხში უკვე დამხრჩვალი ადამიანის გამოსაყვანად შევსულვართ. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი - გვამი მოჰქონდა წყალს, ნაპირზე კი მისი ოჯახი იდგა და გველოდა. ასეთ დროს ცდილობ სასოწარკვეთილ ოჯახს რამით მაინც დაეხმარო.

სამწუხაროდ, ჩვენი პროფესია მსგავს ტრაგიკულ ისტორიებთანაც არის დაკავშირებული, თუმცა ამ ყველაფერთან გამკლავებაში გვეხმარება მოქალაქეების მხრიდან წამოსული სითბო, დადებითი ემოციები, სიკეთით სავსე თვალები.

მეხანძრე-მაშველი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს სხვის გადასარჩენად. საამისოდ სტიმულს გადარჩენილ ადამიანზე ფიქრი გვაძლევს.