საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მიხეილ ეჯოშვილი

მეხანძრე-მაშველი

29 წლის

უკვე ექვსი წელი გავიდა, რაც მეხანძრე-მაშველად ვმუშაობ. მიხარია, რომ იმ პროფესიას ვემსახურები, რომლითაც სხვა ადამიანების დახმარება შემიძლია. ჩვენი საქმიანობა მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. არის შემთხვევები, როცა უნდა დავივიწყოთ შიში და ვიფიქროთ მხოლოდ ადამიანის გადარჩენაზე. რა თქმა უნდა, შემთხვევები რთულია და ზოგჯერ ჩვენს შესაძლებლობასაც აღემატება.

სამწუხაროდ, წელს თბილისის ზღვაზე ორი არასრულწლოვანი დაიხრჩო. ბავშვები ირანის მოქალაქეები იყვნენ. ადგილზე მყვინთავების ჯგუფი იყო გამოძახებული, თუმცა ადგილზე მოსასვლელად მათ სკუტერი სჭირდებოდათ. წამები იყო გადამწყვეტი. გადავწყვიტე, რომ წყალში მე შევსულიყავი. ყველანაირი ეკიპირირების გარეშე ჩავყვინთე ფსკერზე და იქიდან ცხედარი ამოვიყვანე. მათ ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ტკივილს ვერაფერი შეუმსუბუქებდა, თუმცა იმ მომენტში ესეც დიდი ნუგეში იყო.

საბედნიეროდ, ჩემს გამოცდილებაში, ასეთ დრამატულ ამბებს გადარჩენილების ისტორიები ჭარბობს. ხშირად კურიოზებსაც ვხვდებით. ერთხელ გოგონა ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას. სწრაფად შევნიშნე, რომ შველას ითხოვდა და 10-15 წამი თუ დამჭირდებოდა მასთან მისასვლელად. ნაპირზე გამოვიყვანე, შესაბამისი პროცედურები ჩავუტარე, თუმცა როცა  უკვე გონზე მოვიდა, მითხრა - ამდენ ხანს სად იყავიო. ესეც გასაგებია. წარმომიდგენია რამხელა ემოციები და შიში ჰქონდა იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, წამი-საათად ეჩვენებოდა.

ვამაყობ რომ, ასეთ ღირსებულ პროფესიას ვემსახურები. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მოქალაქეებს შენს მიმართ დიდი ნდობა და იმედი აქვთ. ჩვენი მოვალეობაც სწორედ ესაა, ადამიანების გულებში იმედი დავუბრუნოთ მაშინ, როცა თითქმის დაკარგულია.