საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

გიორგი ტატანაშვილი

მეხანძრე-მაშველი

29 წლის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობა რომ დავიწყე, 18 წლის ვიყავი. მეხანძრე-მაშველების შესახებ ზოგადი წარმოდგენა ისევე როგორც ყველას, მეც მქონდა, თუმცა ამ საქმიანობის ყველა სირთულე და სიკეთე საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე, ვერაფერს მიხვდები. შიდა სამზარეულოში შეხედვისთანავე ხვდები ერთ დიდ ოჯახში, სადაც უკან დახევა არ იციან. ზოგჯერ, ჩვენც გვექმნება საკმაოდ დიდი საფრთხეები მუშაობისას და ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ გვერდით მდგომის იმედი გქონდეს. მეხანძრე-მაშველებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ აცნობიერებ, თუ სად მოხვდი და რამხელა პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე.

მუშაობის თითქმის ათწლიანი გამოცდილება დამიგროვდა და ეს პერიოდი უამრავი დასამახსოვრებელი ისტორიით იყო სავსე, მაგრამ ის, რაც თბილისში 2015 წლის ზაფხულში ხდებოდა, არასდროს დამავიწყდება. ტრაგედიის დღეების ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამაშველო ღონისძიებაში 13 ივნისის ღამეს ვმონაწილეობდი. სტიქიის ზონასთან მიახლოება წყალდიდობის გამო ძალიან რთული იყო. უამრავი მცდელობის შემდეგ უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან ვცადეთ ადგილზე მისვლა. ფაქტობრივად, არაფერი ჩანდა, თუმცა მაინც ჩავრბოდით საბურთალოს სასაფლაოს ციცაბო დაღმართზე. ვხედავდით, რომ სახლი წყალში იყო ჩაძირული და სახურავზე ასული მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ. დიდი ძალისხმევის მიუხედვად, სამწუხაროდ, ვერაფერს გავხდით. სახლი წყალმა მთლიანად წაიღო. მომხდარის გამო, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდით. ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, როცა გავიგეთ, რომ სტიქიამ ჩვენი ერთი მეხანძრე-მაშველის სიცოცხლეც შეიწირა.

ნეგატიური მოგონებების გარდა, იყო პოზიტიური გამოცდილებაც. იმ დღეებში მოხალისეებმა საქმე მნიშვნელოვნად შეგვიმსუბუქეს. მეორე და მესამე დღეს, მათი დახმარებით არა მხოლოდ ტერიტორიის გაწმენდითი, არამედ დაკარგულების პოვნის ღონისძიებებიც ბევრად დაჩქარდა. მხოლოდ ჩვენი რესურსით ამ ყველაფერს ბევრად დიდ დროს მოვანდომებდით.

ამ წლების განმავლობაში, ყოფილა მომენტები, როცა მოქალაქეები შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოსულან ჩვენთან სახანძრო-სამაშველო შენობაში და მადლობა გადაუხდიათ გაწეული დახმარებისთვის. ზოგჯერ, როცა სამსახურში ვდგავართ ფორმით, რიგითი გამვლელებისგანაც უდიდესი სითბო მოდის. გვეუბნებიან რომ მაგრები ვართ და ამით, კიდევ უფრო დიდი სტიმული გვეძლევა. ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა - შესაძლოა საერთოდ არ მოგიწიოს გამოძახებაზე წასვლა, მაგრამ როცა მეხანძრე-მაშველის ფორმა გაცვია, ვიღაცა მადლობას მაინც გიხდის.