საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

დავით გულბანი

მეხანძრე-მაშველი

37 წლის

დავით გულბანი უკვე ექვსი წელია მეხანძრე მაშველად მუშაობს. ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში უამრავი რთული, ემოციური და დასამახსოვრებელი ისტორია გადახდა თავს. ყოფილა შემთხვევები, როცა საკუთარი სიცოცხლეც ჩაუგდია საფრთხეში, თუმცა ეს მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

‘’მახსოვს, სამსართულიანი სახლი იწვოდა და ისე ვიყავი ჩართული ხანძრის ქრობის პროცესში, ვერ გავაცნობიერე, რომ ძლიერ დაკვამლიანებაში გავეხვიე. თავბრუსხვევა დამეწყო, სუნთქვა გამიჭირდა და გონს ვკარგავდი. საბედნიეროდ ჩემმა თანამშრომელმა მომისწრო, ხელი ჩამავლო და გამიყვანა კვამლიდან. ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როცა ჩვენ თვითონ ვართ სერიოზულ საფრთხეში და ასეთ დროს მეხანძრე-მაშველები ერთმანეთს ვაძლიერებთ.

კიდევ ერთ შემთხვევას, დევნილების საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს გავიხსენებ - პეკინის ქუჩაზე მისულებს სრული პანიკა დაგვხვდა. მაცხოვრებლები ყვიროდნენ შიგნით ბავშვები არიანო. ჩემთვის ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. როცა ვიგებ, რომ ბავშვებს ან ორსულს საფრთხე ემუქრება, ყველაფერზე ვარ წამსვლელი. დაუფიქრებლად, ყველაფრის გარეშე, მარტო შევვარდი შენობაში. არავის და არაფერს დაველოდე, რადგან ამის დრო არ იყო. გრძელ დერეფანში მოვხვდი, ყველა ოთახის კარი ფეხით შევამტვრიე. საბედნიეროდ, ბავშვები ადგილზე არ აღმოჩნდნენ. ძებნის პროცესში მავთულებში გავეხვიე, თუმცა გამიმართლა რომ დენი გამორთული აღმოჩნდა. ბოლოს თანამშრომელი დამეხმარა მავთულებისგან გათავისუფლებაში. იმ მომენტში რთულია რამეზე იფიქრო ადამიანის გადარჩენის გარდა.

მეხანძრე-მაშველი ფსიქოლოგიურად ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. მიხარია, რომ ჩვენი საქმიანობით ადამიანებს გაჭირვებაში იმედს ვაძლევთ და ისინიც არ იშურებენ მადლიერებას. ყველაზე ღირებული სამყაროში ადამიანის სიცოცხლეა და როცა მისი დაცვა გიწევს, გრძნობ, რომ რომ უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია. ვცდილობ, დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შევასრულო და ჩემს ქვეყანას  ვემსახურო. იმედი მაქვს, კიდევ ბევრი ადამიანის დახმარების ძალა და შესაძლებლობა მექნება.“