საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

პაატა ჩხიტუნიძე

მეხანძრე-მაშველი

31 წლის

პაატა ჩხიტუნიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 18 წლიდან მუშაობს.

‘’რა შეიძლება იყოს ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებაზე ღირებული. მგონია, რომ თითოეულ ადამიანს აკისრია ამ ქვეყნად მოვალეობა, რომ სხვას დაეხმაროს. 

უკვე 12 წელია აქ ვმუშაობ და ამ წლების განმავლობაში უამრავი რთული შემთხვევის მონაწილე გავხდი. მათ შორის იყო 13 ივნისის ტრაგედია, ორთაჭალის სტიქია და ა.შ. ბოლოს, ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეძრა მთელი ქვეყანა’’.

პაატა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს შემთხვევის ადგილზე მუშაობდა.

‘’15 ნოემბერს 10:50 საათი იყო, როცა ფონიჭალიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება. შემთხვევის ადგილზე სწრაფად გამოვცხადდით. ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე სართული იყო ჩამონგრეული. ხალხის ევაკუაცია ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა მისვლისთანავე დაიწყეს. გამოვიყვანეთ დაშავებულები. ამის შემდეგ კი დაიწყო ყველაზე რთული პროცესი. გვქონდა ინფორმაცია, რომ მეორე სართულზე დედა-შვილი იმყოფებოდნენ. ამ სართულზე კედელი ჩამოწოლილი იყო და შენობის ჩამონგრევის რეალური საფრთხე არსებობდა, ამიტომ კედლების გამაგრებას და სამაშველო ღონისძიებებს დაახლოებით 5-6 საათი დასჭირდა. სამწუხაროდ, ადგილზე ახალგაზრდა ქალბატონის და მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ვიპოვეთ. ეს შემთხვევა ემოციურად, ალბათ, ყველაზე რთული იყო ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება. საშინელი გრძნობაა, როცა იბრძვი ადამიანის გადასარჩენად, ბოლო წუთამდე ფიქრობ, რომ ცოცხალს მიაგნებ და დაეხმარები, თუმცა იმედი გიცრუვდება.

რთული და უფრო მეტად საპასუხისმგებლოა მეხანძრე-მაშველის პროფესია, რადგან ხშირად ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ერთი მაშველი არასდროს შედის ნანგრევებში, ერთი მეხანძრე არასდროს შედის ხანძარზე, ყოველთვის ორნი შევდივართ, რადგან როცა ერთი რთულ საქმეს აკეთებს, მეორე მას იცავს და მასზეა დამოკიდებული თანამშრომლის სიცოცხლე. რა თქმა უნდა, საფრთხისშემცველია ჩვენს სამსახურში მუშაობა, თუმცა იმ ემოციად, რასაც მოქალაქეები გამოხატავენ ჩვენ მიმართ, ნამდვილად ღირს რისკი.

ნებისმიერი გამოძახება, სამაშველო იქნება ეს თუ სახანძრო, რთულია. ყოველდღიური შემთხვევების დროსაც, როცა თუნდაც სახლის კარის გაღებაა საჭირო, გვიწევს სიმაღლიდან თოკებით ჩასვლა. ამ საფრთხეს ანეიტრალებს და გაძლევს სტიმულს ის, რომ გქვია მეხანძრე-მაშველი, გაცვია ფორმა და უშუალოდ მოვალეობის შესრულების დროს, სირთულეზე არც ფიქრობ. როცა შემთხვევის ადგილიდან გამოდიხარ, მხოლოდ მაშინ თუ დაფიქრდები, თუ რამდენად დიდი იყო საფრთხე.’’