შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებმა რეზერვისტებისთვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კურსი ჩაატარეს. ერთობლივი სწავლება სენაკის მუნიციპალიტეტში, სორტას საწვრთნელ ბაზაზე დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) მენტორობით მიმდინარეობდა.
ერთი კვირის განმავლობაში, სწავლების მონაწილეებმა სახანძრო, სამაშველო და საევაკუაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ სპეციალური სავარჯიშოები გაიარეს. რეზერვისტებმა გამოცდილება მიიღეს ქვიშის ტომრების მეშვეობით წყლის ბარიერებისა და რეზერვუარების შექმნის, ვერტმფრენის დასაფრენი ზონის მოწყობის, წყალმომარაგების სისტემის და ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის გაკეთების მიმართულებით.
სორტაში, საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდნენ და სწავლების მიმდინარეობას გაეცნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და ეროვნული გვარდიის უფროსი - ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე.
სწავლება უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების დროს საქართველოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც დანიური მხარე ხელმძღვანელობს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მადლობის სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ.
კრიზისების მართვის ინიციატივა 2019 წლის ნოემბერს შეიქმნა და მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო კრიზისების მართვის სისტემის გაძლიერებას სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე. ინიციატივა ემყარება და თანხვედრაშია ნატოს მდგრადობის ძირითად მოთხოვნებთან.