შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩ - იმამურა აკირასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა იყო სამსახურისთვის სხვადასხვა სახის და მოდიფიკაციის სახანძრო ავტომანქანების გადმოცემის საკითხი, რომელსაც იაპონური მხარე აქტიურად განიხილავს. სამსახურის უფროსმა საქართველოში იაპონიის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების მიმართულებით მიღწეული შედეგების და არსებული გამოწვევების შესახებ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის თითოეული განყოფილების ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამსახური ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ შორის იაპონიის მთავრობასთან ნაყოფიერად თანამშრომლობს. ბოლო წლებში, საქართველომ იაპონელი მეგობრებისგან მიიღო 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და 3 ერთეული ავტო-კიბე, მაღალსართულიან შენობებში ოპერაციების განსახორციელებლად, რომლებსაც მეხანძრე-მაშველები აქტიურად იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში. გარდა ამისა, წლის ბოლომდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობა ერთ სახანძრო ავტო-კიბეს და ერთ სახანძრო ავტო-ცისტერნას გადასცემს.