შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მღებრიშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურ - ტომას კარდენთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იყო ამერიკელ პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის დეტალები და სამომავლო გეგმები. მათ შორის, საუბარი შეეხო ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებს, რომელიც მიმდინარე წელს წყალზე და სამთო სამაშველო მიმართულებით ჩატარდება. გარდა ამისა, სამსახურის უფროსმა ამერიკელ გენერალ-მაიორთან საუბრისას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტისა და საქართველოს ეროვნულ გვარდიის ნაყოფიერი თანამშრომლობა აღნიშნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისსა და აშშ ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის ფარგლებში, ბოლო პერიოდში, არაერთი პროექტი განახორციელა. ამერიკელ მეგობრების დახმარებით გაუმჯობესდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტექნიკა, აღჭურვილობა და ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი სწავლება.