შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს საბაზისო მომზადების კურსი ჩაუტარდათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს საბაზისო მომზადების კურსი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე, თურქი ინსტრუქტორების მონაწილეობით, მეხანძრე-მაშველთა მომზადების ერთკვირიანი კურსი ჩატარდა. თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ კონიის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ და მასში სულ 26 მეხანძრე-მაშველი საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან იყო ჩართული.

საბაზისო კურსის ფარგლებში, ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს ხანძრის ქრობის მეთოდების, სამაშველო ოპერაციების ჩატარების და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიმართულებით. ასევე, ინფორმაცია მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის მეხანძრე-მაშველთა საქმიანობის სპეციფიკის და სამსახურებრივი სისტემის შესახებ. 

კურსის დასკვნით ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი, თურქეთის ელჩის მოადგილე - ონურ სევიმი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის პროგრამის კოორდინატორი - თუბა ოზუთოქი ესწრებოდნენ, რომლებმაც სწავლების მონაწილეებს მიღებული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. 

სწავლება თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან (TIKA) თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. პროექტი ორ ნაწილად ხორციელდება, მეორე ეტაპზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები თურქეთში გაემგზავრებიან და შესაბამის კურსს კონიის სასწავლო ცენტრში გაივლიან.