შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 13 ივნისს გმირულად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმყოფებოდა. მეხანძრე-მაშველებმა კოლეგა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მუზაშვილის სახელობის მემორიალი და საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში მუშაობდა. მან წყალდიდობის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თუმცა თვითონ წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და გარდაიცვალა.
მეხანძრე-მაშველები მუზაშვილის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მისი გარდაცვალების დღეს, აღაიანში ყოველწლიურად ჩადიან.