შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სასტუმრო „ჰილტონში“ სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა

სასტუმრო „ჰილტონში“ სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩაატარეს.

სწავლება, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის, სასტუმროს პერსონალისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოხდა.

სწავლება სასტუმრო „ჰილტონის“ დაკვეთით ჩატარდა. ღონისძიებაში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, შეფასდა სწავლების მიმდინარეობისას სასტუმროს პერსონალის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები და მათი აღმოფხვრის მიზნით, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სარგებლობს.