შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის მერიაში, მუნიციპალიტეტების საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის სწავლება ჩაატარა.
სწავლების მიზანს, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით თბილისის მერიის თანამშრომლების მომზადება, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის პროექტის განხილვა, ნაკლოვანებათა გამოვლენა და მათი აღმოფხვრის შესახებ, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.
ტრენინგში, თბილისის მერიის თანამშრომლებთან ერთად, საქალაქო სამსახურების, თბილისის რაიონების გამგეობების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.
ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართო მასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.