შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასწავლო დაწესებულებებში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასწავლო დაწესებულებებში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს.

შეხვედრის მიზანს საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნულ სიტუაციებში ქცევის წესების დახვეწა წარმოადგენდა.

თეორიული სწავლების ფორმატში, სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ინფორმაცია მიაწოდეს საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ.

თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო საგანგებო სიტუაციის სიმულაცია, რომლის ფარგლებშიც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.

ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებთან აქტიურად თანამშრომლობს და აღნიშნული ტიპის სწავლებები სამსახურის მიერ, სისტემატურად ტარდება.