შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს. შეხვედრის მიზანი, კომპანიაში დასაქმებულთათვის, საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

სამსახურის წარმომადგენლებმა, დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ.

თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ, მოეწყო საგანგებო სიტუაციის სიმულაცია, რომლის ფარგლებშიც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს. პრაქტიკული სწავლება ხანძრის ქრობის, ასევე, ოფისის თანამშრომლებისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა.

ღონისძიებაში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სარგებლობს.