საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამოძიების შესახებ სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამოძიების შესახებ სასწავლო კურსი ჩატარდა.

სწავლების მთავარი მიზანი იყო სამართალდამცველებისთვის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიების სწორად წარმართვის, მტკიცებულებების ამოღების და შემთხვევის ადგილის მართვის უნარების გამომუშავება.

სასწავლო კურსს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს პრაქტიკოსი ექსპერტები უძღვებოდნენ. სწავლებაში მონაწილეობდნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სასწავლო კურსის მონაწილეები მასობრივი განადგურების იარაღისა და საშიში ნივთიერებების ამოცნობის დეტექტორების და სხვა დამცავი აღჭურვილობის გამოყენების სპეციფიკას, ასევე, საშიშ გარემოში მტკიცებულებების შეგროვებისა და მტკიცებულებების დეკონტამინაციის პროცედურებს გაეცნენ.

კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები  გადაეცათ.