საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მაშველები სამტრედიაში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება  შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში გაუჩინარებული მამაკაცის შესახებ.

 შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ​პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დაიწყეს საძიებო სამუშაოები  და იმ ადგილების შემოწმება, სადაც შესაძლებელია, ყოფილიყო დაკარგული პიროვნება. 

საძიებო სამუშაოების შედეგად, მდინარე რიონის ნაპირზე მაშველებმა დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გადაამოწმეს სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია, თუმცა დაკარგულის ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს. 

საჭიროებიდან გამომდინარე, საძიებო სამუშაოებში უკვე ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფი. 

სანაპიროზე, იმ ადგილას, სადაც ნაპოვნი იქნა დაკარგულის ნივთები, შექმნილია საგანგებო შტაბი. ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში,  მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მაშველთა ჯგუფები. დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება საძიებო სამუშაოები, როგორც წყალში, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე. 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.