×
საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ჯანდარის ტბაზე საძიებო ღონისძიებები დასრულებულია

სამდღიანი, უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ორი დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა 70-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები. ადგილზე მობილიზებული იყო წყალზე სამაშველო ტექნიკა თბილისიდან და ფოთიდან. დაკარგულების საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა სითბური დრონის მეშვეობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აწარმოებდა ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს. ხორციელდებოდა როგორც ტბის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება. 

სანაპიროზე მოწყობილი იყო საგანგებო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. პროცესში, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართული სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. 

სამაშველო ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან, პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი დანაყოფი - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი და სასაზღვრო ავიაცია.

სამი დღის განმავლობაში ქართულ მხარესთან კოორდინირებულად მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებდა, როგორც ცოცხალი ძალის და წყალზე სამაშველო ტექნიკის, ასევე, ვერტმფრენის საშუალებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.