შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და პოლიციის აკადემიამ მეხანძრე-მაშველების მომზადების ერთობლივი კურსი ჩაატარეს.
კურსის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველები სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების წესებს, სამაშველო და სახანძრო ტაქტიკას, ქბრბ უსაფრთხოებას, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების მეთოდებსა და სხვა პრაქტიკულ უნარებს დაეუფლნენ.
სწავლება სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სწავლებაში მონაწილეობას სულ 35 მეხანძრე-მაშველი იღებდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში გადანაწილდებიან.
კურსდამთავრებულებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა გადასცეს.