კატასტროფების მართვის პროცესში აკადემიური და სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მედეგობის პლატფორმის ამოქმედებას იწყებს, რომელიც გააერთიანებს  სახელმწიფო  უწყებებს,  სამეცნიერო წრეებს, საერთაშორისო  და ადგილობრივ  ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს. პლატფორმა იმუშავებს ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების, პრიორიტეტების განსასაზღვრის და კონკრეტული ამოცანების გახორციელების მიმართულებით.

პლატფორმის ამოქმედებით, საქართველოში იწყება “კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული პლატფორმის” ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც გაერო-ს კატასტროფის რისკის შემცირების ოფისის (UNISDR) სტანდარტების მიხედვით იქნება შექმნილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამსახურთან არსებული საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს  ჩამოყალიბება, რომელიც  სამეცნერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. საბჭო ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების რისკების შეფასებას და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას.

ეროვნული მედეგობის პლატფორმის პრეზენტაცია სასტუმრო “რუმს თბილისში“  გაიმართა. ღონისძიებას სამეცნიერო წრეების,  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.