იაპონიის მთავრობამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო მანქანა/კიბე გადასცა

იაპონიის მთავრობამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო მანქანა/კიბე გადასცა. 

კიბის სიმაღლე 26 მეტრია და ის ისანი–სამგორის სახანძრო-სამაშველო დეპოს გადაეცა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი სწრაფი გადაადგილება თბილისის დანარჩენ ტერიტორიაზე.

მანქანა/კიბის გადმოცემის ცერემონია 2018 წლის 30 ნოემბერს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტრენინგ ცენტრში (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართა.

"იაპონიის ელჩმა გადმოგვცა სახანძრო კიბე. ეს არის საჩუქარი, რომელიც მოემსახურება ისანი-სამგორს. ეს მნიშვნელოვანი გაძლიერებაა ჩვენი სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისთვის,რადგან ამ ტიპის ტექნიკის მიმართ დიდი მოთხოვნა გვაქვს. ეს ერთ-ერთი ძვირად ღირებული სახანძრო ტექნიკაა. საქართველოს მთავრობა გარკვეულ შესყიდვებს ახორციელებს სახანძრო ტექნიკის გასაახლებლად. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან და დონორებთან იმისათვის,რომ მივიღოთ ამგვარი დახმარებები. ძალიან კარგი თანამშრომლობა ჩამოვაყალიბეთ იაპონიის საელჩოსთან და ვიმედოვნებთ, რომ გვექნება სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სახანძრო უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციების მართვას",- განაცხადა საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

პროექტი „ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში გახორციელდა და იაპონიის საელჩოსგან 99 733 აშშ დოლარით დაფინანსდა. პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს ადამიანის უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში.

„იზრდება თბილისის ეკონომიკა და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, იზრდება საფრთხეებიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობები ჰქონდეთ, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ მთავრობას ეფექტურად ებრძოლონ საფრთხეებს. ამიტომ ამ საფრთხეების საპირწონედ მიხარია, რომ განვახორციელეთ ასეთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გადმოეცა ეს ტექნიკა. ამ ტექნიკით მააღალსართულიან შენობებში ხანძართან გამკლავებაა შესაძლებელი", - განაცხადა იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.

სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში ხანძრების 10% მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ხდება. მანქანა/კიბე თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.