საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ODC-ის ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს შეხვდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ODC-ის ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს, მაიორ კვინტინ დოლი შეხვდა. მაიორი დოლი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობდა, დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ლევან ღირსიაშვილმა მაიორ დოლს საქართველოში მისი მუშაობის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარს უჭერს როგორც პირადი შემადგენლობის შესაძლებლობათა განვითარების, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერების მიმართულებით. საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ODC-მ 2019 წელს სამსახურს 6 ერთეული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება და ერთი სახანძრო-სამაშველო მანქანა გადმოსცა.