აბასთუმანში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

აბასთუმანში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე შექმნილი საგანგებო შტაბის მუშაობა წყდება და მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

სოფელ აბასთუმნის მიმდებარედ მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა თერმული დრონის საშუალებით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 13 ივნისს დღის 2 საათისთვის შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მოხდა ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები. საბოლოო ინფორმაციით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.