სვანეთში ხანძრის ქრობის სამუშაოები მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სვანეთში ხანძრის ქრობის სამუშაოები მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ხანძრის კერებთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

დილიდან ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ძალები როგორც სპეციალური ტექნიკის, ასევე, ცოცხალი ძალის კუთხით. სვანეთში მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

მუშაობა განაახლეს შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო მე-3 ვერტმფრენი.

ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი. ხანძრის ქრობის სამუშაოები ადგილზე მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.