მაშველებმა მესტიაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მესტიაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში დაკარგული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მულხურაში იპოვეს.

ადგილზე 5 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საძიებო-სამაშველო ოპერაცია. პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 40-მდე თანამშრომელი. მათ შორის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამაშველო ჯგუფი. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით.
შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა საძიებო ოპერაციის მონიტორინგი.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მდინარეში ნაპოვნი ავტომობილის შესახებ ინფორმაცია 12 ივლისს შემოვიდა.
შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. მაშველები სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ჩავიდნენ მდინარეში ავტომობილის შესამოწმებლად.
დათვალიერებისას მაშველებს მანქანაში არავინ დახვდათ, რის შემდეგაც დაკარგული პიროვნების ადგილსამყოფელის დასადგენად დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.