საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, სემინარი ‘’სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა და ეროვნული წვრთნების პროგრამა’’ ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, სემინარი ‘’სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა და ეროვნული წვრთნების პროგრამა’’ ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა სამდღიანი სამხედრო-სამოქალაქო სემინარი თემაზე - ‘’სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა და ეროვნული წვრთნების პროგრამა’’.

სემინარზე საუბარი შეეხო საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით განსაზღვრულ უწყებათაშორისი თანამშრომლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ასევე, განხილულ იქნა სამოქალაქო უსაფრთხოების გეგმაში შესატანი ცვლილებები. ღონისძიების მიზანი სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის შემადგენელი სუბიექტების საქმიანობის კოორდინირება და ეფექტიანობის ამაღლებაა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. Covid 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, პროცესში ამერიკელი ექსპერტები დისტანციურად იყვნენ ჩართულები.

სამდღიანი სემინარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა გახსნა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ‘’დღეს ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საკითხებზე, რომლებზეც დიდი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და გარკვეული შედეგები მიღწეულია. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის შემადგენელი სახელმწიფო სტრუქტურების ორგანიზებული, კოორდინირებული მუშაობა ნიშნავს უფრო მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს, უფრო უსაფრთხო გარემოს და მეტად ეფექტურ საქმიანობას საგანგებო სიტუაციების მართვის მთლიან ციკლში: პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის პროცესში’’-განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წლებია აქტიურად თანამშრომლობს ამერიკელ კოლეგებთან სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა სახის სწავლებების, სემინარების და შეხვედრების ჩატარების კუთხით.