მეტროსადგურში „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მომხდარი დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა

მეტროსადგურში „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მომხდარი დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურში „ტექნიკური უნივერსიტეტი“ შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგურში არსებულ ქვესადგურში დაზიანდა ერთ-ერთი ტექნიკური აგრეგატი, რამაც გამოიწვია მცირე დაკვამლიანება.

უსაფრთხოების მიზნით, მატარებლის მოძრაობა დროებით შეჩერდა. ტერიტორიიდან ყველა მგზავრის გაყვანა დაუყოვნებლივ განხორციელდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე პერიმეტრის დეტალური გადამოწმებისთვის ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები.