შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ ქართველი მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი ლიკვიდირებულია

ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ ქართველი მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი ლიკვიდირებულია

ოკუპირებულ სოფელ ქარძმანის მიმდებარედ, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ქართველი მეხანძრე-მაშველებისა და პოლიციელების აქტიური ძალისხმევის შედეგად ლიკვიდირებულია.

საცხოვრებელ სახლში ცეცხლის სწრაფი გავრცელების საშიშროებისა და მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჩართულობით, ე.წ. ცხელი ხაზის მეშვეობით, აქტიური კომუნიკაცია შედგა ცენტრალური ხელისუფლებისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის.

შედეგად, სოფ. ქარძმანის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივების დახმარებისა და ხანძრის ლოკალიზების მიზნით, საოკუპაციო ხაზთან, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში მოხდა ქართული სახანძრო-სამაშველო ძალების და პოლიციის მობილიზება.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ძლიერი, ღია ცეცხლის კერის შედეგად ხანძრის მიმდებარე შენობებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მყისიერად მოახდინეს.

ადგილზე, მობილიზებული იყო 2 სამაშველო ჯგუფი და 11 მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.